ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლებს სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურებად არ მიიჩნევს, განსაკუთრებით არასერიოზულად კი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მიაჩნია.
სახალხო დამცველის თქმით, 4 წლის განმავლობაში არაერთხელ გამხდარა უპრეცედენტო თავდასხმის ობიექტი, მათ შორის, იუსტიციის ყოფილი მინისტრის, თეა წულუკიანის მხრიდანაც, თუმცა ახლა მმართველი პარტიის მხრიდან შეტევა კიდევ უფრო მეტად საშიშია.
"აქ კრიტიკა ან საქმიანობის ხელშეშლა კი არ იყო, აქ უკვე იყო უშუალოდ მუქარა. მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერები პირდაპირ დაემუქრნენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით სახალხო დამცველს და სახალხო დამცველის ექსპერტებს, ექიმებს მათი პროფესიული მოვალეობის პირნათლად შესრულების გამო.
თავიდან ამ ყველაფერს არ შევხედე სერიოზულად, იმიტომ, რომ არ მიმაჩნია ეს ადამიანები სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურებად. პირველ რიგში, მმართველი პარტიის თავმჯდომარე არ მიმაჩნია სერიოზულ ფიგურად. მას არანაირი ლეგიტიმაცია თუ აღიარება არ აქვს არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან და არც ერთ ქვეყანასთან დასავლეთში.
თუმცა, ამას ჰქონდა ძალიან დამაშინებელი ეფექტი ჯგუფის წევრი ექიმების მიმართ, იმიტომ, რომ ეს მათთვის იყო მოულოდნელი და ახალი რეალობა. ისინი არ არიან შეჩვეულები მსგავს რამეს. უცებ აღმოაჩინეს, რომ მოვალეობის პირნათლად შესრულების გამო დაემუქრნენ". - თქვა ნინო ლომჯარიამ ტვ პირველის ეთერში.
ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეა. ის 18 ნოემბერს ომბუდსმენისა და ექიმების "პირდაპირი პასუხისმგებლობის" შესაძლო დადგომაზე ისაუბრა, ვინაიდან მათ განაცხადეს, რომ გლდანის მე-18 ციხის საავადმყოფოში არ იყო მიხეილ სააკაშვილის მკურნალობისთვის საჭირო გარემო.
კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ომბუდსმენის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნას ფეიკი უწოდა.
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ სახალხო დამცველი მანამდეც არაერთხელ დაადანაშაულა მიკერძოებაში და მისი მანდატიც დააკნინა.
კობახიძე ნინო ლომჯარიას მიმართ გაღიზიანებას გამოხატავს, რადგან სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილის მიმართ სხვადასხვა უფლების დარღვევაზე ლაპარაკობს.
9 ნოემბერს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ თქვა, რომ "ლომჯარია აჩვენებს, რატომ არ შეიძლება თანამდებობის მიცემა ნაცმოძრაობისთვის".
მან ეჭვი შეიტანა ომბუდსმენის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრი ექიმების კომპეტენციაშიც.
იგივე პოზიცია აქვთ ქართული ოცნების სხვა წარმომადგენლებსაც.